ბავშვობაში ჩვენს სულში სახლობს ის სუფთა და ნამდვილი ნაწილი, რომელიც სხვანაირად გრძნობს, ხშირად ოცნებობს და აღფრთოვანდება სამყაროთი. სწორედ ესაა ჩვენი შინაგანი ბავშვი, ჩვენი ფსიქიკის ის ნაწილი, რომელიც დღესაც ინახავს ბავშვობის ემოციებს, გამოცდილებებს, ტკივილსაც და სიხარულსაც.
… და რომელსაც ხშირად, ჩვენდა სამწუხაროდ საერთოდ არ ვუსმენთ. რომელიც მივატოვეთ, სადღაც გამოვკეტეთ, დავაშინეთ და… ამ შიშების, შინაგანი კრიტიკოსის, დისციპლინის, თუ პასუხისმგებლობების უკან მივმალეთ. მაგრამ როცა შინაგან ბავშვთან კავშირი იკარგება, იკარგება სიცოცხლის ხალისი… უბრალო სიხარულები, სითბო, და შინაგანი თავისუფლებაც.
შინაგანი ბავშვის მიღება და გაძლიერება არ ნიშნავს ბავშურ ქცევას. ეს ნიშნავს იმ დაუცველ ნაწილთან კავშირის აღდგენას, რომელიც საჭიროებს მზრუნველობას, სითბოს და მიღებას.
მისი გაძლიერება გვეხმარება:
- თვითშეგრძნების გაღრმავებაში
- თვითშეფასების ამაღლებაში
- კრეატიულობის გააქტიურებაში
- სიყვარულის და სინაზის გამოხატვაში, პირველ რიგში საკუთარი თავისადმი.
როგორ გავაძლიეროთ შინაგანი ბავშვი?
ახლა რომ შენი პატარა მე წინ გეჯდეს, რას ეტყოდი და როგორ მოეფერებოდი? ის რას გეტყოდა?
- მოუსმინე მას:
ამისთვის გამოყავი 10-15 წუთი, ჩუმად დაჯექი, თვალები დახუჭე და წარმოსახვაში ხელი გაუწოდე შენს შინაგან ბავშვს. უთხარი, რომ შენ მის გვერდით ხარ, რომ ის არ არის მარტო. დაელოდე მის რეაქციას, მერე კი ჰკითხე: რა გჭირდება შენ? რაზე ოცნებობ? რისი გეშინია? (ჩაიწერე პასუხები)
- ითამაშე:
იპოვე გზა, როგორ შეგიძლიათ ერთად გაერთოთ — ხატვა, ცეკვა, ფილმის ყურება, პარკში სეირნობა, თუნდაც ბუშტების აფრენა…
- 3. მიწერე წერილი: ამ წერილით შენს პატარა მეს — გაუზიარე სიყვარული, აგრძნობინე მხარდაჭერა.
- 4. იცხოვრე გულწრფელად:
ბავშვური მხარე არ იტყუება, არ ასრულებს როლებს. რაც უფრო ახლოს ხარ ნამდვილ მესთან, მით მეტად ძლიერდება ეს კავშირი.
კითხვები, რომლებიც დაგეხმარება შენს შინაგან ბავშვთან კავშირის კიდევ უფრო მეტად აღდგენასა და გაძლიერებაში:
- როგორი ვიყავი ბავშვობაში, როცა თავს თავისუფლად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი?
- ბავშვობაში რას ვაკეთებდი სიამოვნებით?
- რა მაწყენინეს პატარას და როგორ ვგრძნობ ამას დღესაც?
- როდის ვგრძნობ თავს დაუცველად ან ზედმეტად ემოციურად? – შეიძლება ეს იყოს ჩემი შინაგანი ბავშვი, რომელიც დახმარებას ითხოვს.
- რაში ვზღუდავ საკუთარ თავს დღეს, რა არის ის, რასაც ბავშვობაში თავისუფლად ვაკეთებდი?
- 6. როგორ შემიძლია ყოველდღიურობაში პატარა სიხარულები შევიტანო, რომ ჩემი შინაგანი ბავშვი სიხარულს განიცდიდეს?
⸻
შენი შინაგანი ბავშვი შენს გულშია და ელოდება, როდის გაუღიმებ, მოუსმენ და სიყვარულით ჩაეხუტები. როგორც კი მას გულწრფელად მიიღებ, იგრძნობ შინაგან სიმშვიდეს, სიმტკიცეს და სიხარულს, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავთან ყოფნით მოდის.
რა არის ის ერთი მცირე სიკეთე, რომლითაც შენს შინაგან ბავშვს გაახარებ დღეს?
დაწერე კომენტარებში და საჩუქრად მიიღე მედიტაცია შინაგანი ბავშვის დღიურიდან „შინაგან ბავშვთან შეხვედრა“