როგორ ვაწარმოოთ მადლიერების დღიური
მადლიერების დღიურის წარმოება ძლიერი პრაქტიკაა, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს.
რობერტ ემონსისა და მაიკლ მაკკალოს კვლევების მიხედვით, რომლებიც მადლიერების საკითხში წამყვანი მკვლევარები არიან, მადლიერების დღიურის წარმოების სარგებელი ასეთია:
- მეტი კავშირი საკუთარ თავთან და სხვებთან
- ბევრად მეტი სიხარულისა და ბედნიერების განცდა
- უკეთესი ძილი
- სტრესისა და დეპრესიის შემცირება
- ფიზიკური ტკივილის სიმპტომების შემცირება
მადლიერების დღიურის წარმოებით შენ ავითარებ პრაქტიკას, რომელიც გეხმარება, აღიარო და მიიღო ყველანაირი სიკეთე, რაც შენს ცხოვრებაშია; რაც დადებითად აისახება შენს ყოველდღიურ განწყობასა და ბედნიერების ხარისხზე.
იმის გაჟღერებას ან დაწერას, რისი მადლიერიც ხარ, უფრო მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე, უბრალოდ, მათზე ფიქრს.
როგორ ვაწარმოოთ მადლიერების დღიური
დაკავშირება რაღაც კონკრეტულთან.
რაც უფრო დეტალურად დაწერ თუ რისი მადლიერი ხარ, მით უფრო ადვილია ემოციასთან დაკავშირება.
მაგალითად, დღეს შეიძლება დაწერო: “მე მადლიერი ვარ ნიკოლოზის .”
როგორ გრძნობ თავს როცა ამას წერ? მართლა განიცდი მადლიერებას? თუ არა, მაშინ უფრო დააკონკრეტე. რა არის ის, რის გამოც ნიკოლოზის მადლიერი ხარ?
მაგ: მე ვარ მადლიერი ნიკოლოზის რადგან დღეს ჩამეხუტა, როცა სევდიანი დამინახა.
მე ვარ მადლიერი ნიკოლოზის, რადგან გულისყურით მომისმინა როცა ჩემს ახალ წამოწყებაზე ვუყვებოდი.
მნიშვნელოვანია, თუ რას განიცდი და გრძნობ წერისას. რაც უფრო დეტალურად აღწერ შენს გრძნობებს, მით უკეთეს შედეგს მიიღებ.
როდესაც ჰკითხავ საკუთარ თავს: რისი მადლიერი ვარ? – ეცადე, დაელოდო, სანამ ეს გრძნობა არ გაჩნდება, შემდეგ კი დაიწყე წერა. ეცადე, ვიზუალურად წარმოიდგინო ის, ვისი თუ რისი მადლიერიც ხარ და დაფიქრდე იმაზე, რატომ არის ეს შენთვის მნიშვნელოვანი.
ამ პაუზით დავინახავთ, რომ მადლიერების გრძნობა რეალურად ჩნდება გულში და შინაგანი სიღრმიდან მოდის, რაც გავლენას ახდენს ჩვენს სხეულსა და გონებაზე.
ეს არის მადლიერების დღიურის წარმოების ბევრად ეფექტიანი გზა. მიეცი საკუთარ თავს უფლება და დრო, რომ იგრძნო მადლიერება.
რისი მადლიერი ხარ, აი, ამ წამს?
დაიდე ხელი გულზე და დაელოდე მადლიერების გრძნობის გაჩენას შენში. ფიქრები, ჩვეულებრივ, სწრაფად მოდის, მაგრამ გრძნობის აღმოცენებას ცოტა მეტი დრო სჭირდება.
ასევე შეგიძლია, ასეთი კითხვა დაუსვა საკუთარ თავს: როგორ მაგრძნობინებს თავს ის, ვისი თუ რისი მადლიერიც ვარ?
მაგალითად: მე ვარ მადლიერი ჩემი უფროსის, რომელმაც დღეს ჩემი პროექტი მოიწონა. ამან თავი დაფასებულად მაგრძნობინა, საკუთარი თავის მიმართ მადლიერების გრძნობა გამიჩნდა და კმაყოფილება ვიგრძენი.
