სიუხვე არ განისაზღვრება მხოლოდ მატერიალური სიმრავლით. ის შეიძლება იყოს დრო, ენერგია, თანაგრძნობა, ღიმილი, სიტყვა, სიჩუმე ან უბრალოდ ყოფნა.
დღევანდელი პრაქტიკული სავარჯიშოს მიზანია გაცნობიერება იმისა, თუ რას ნიშნავს შენთვის სიუხვე და როგორ აისახება ის ყოველდღიურ ცხოვრებაში
📌 ინსტრუქცია:
- იპოვე 15–20 წუთი
- ჩაიწერე პასუხები ხელით
- უპასუხე კითხვებს გულწრფელად
📝 სავარჯიშო:
- სიტყვა “სიუხვე” – პირველი ასოციაციები
ჩაწერე 5 სიტყვა, რომელიც თავში მოგდის, როცა ფიქრობ სიუხვეზე.
მაგ: ჰაერი, სითბო, ფული, ფერები, მზის შუქი.
- გაიხსენე მომენტი, როცა სიუხვეში იყავი
რა ხდებოდა მაშინ? სად იყავი? ვისთან ერთად? რას გრძნობდი სხეულში?
აღწერე დეტალურად.
- ამჟამად შენი ცხოვრების რომელი სფეროებია სიუხვით სავსე?
გადახედე ურთიერთობებს, ჯანმრთელობას, შემოქმედებას, ყოველდღიურობას.
ჩაწერე სამი ისეთი რამ, რაც უკვე გაქვს უხვად.
- ვისგან იღებ სიუხვეს – უჩვეულო ფორმით?
შეიძლება ეს იყოს მეგობრის ყურადღებიანი მესიჯი, უცნობის ღიმილი, წიგნი ან წარსული მოგონება.
- რისი სიუხვე გაკლია?
არის რამე, რაც „არ გყოფნის?“ , მაგალითად: დრო, მზრუნველობა, მხარდაჭერა, ფული, ყურადღება?
დაასახელე, დაწერე ახლა რას განიცდი და როგორ შეიცვლებოდა შენი შეგრძნება და მდგომარეობა პირიქით რომ ყოფილიყო…
- რა ნაბიჯი შეგიძლია გადადგა იმისთვის, რომ უხვად გქონდეს ის, რაც გაკლია?
ეს შეიძლება იყოს ძალიან პატარა ნაბიჯი – მოთხოვნა, თხოვნა, გაზიარება ან უბრალოდ საკუთარ თავთან გულწრფელობა.
- რას გასცემ ყველაზე უხვად?
რისი გაზიარება შეგიძლია ბუნებრივად – ენერგია, მხარდაჭერა, ცოდნა, სიყვარული?
- დაასრულე წინადადება:
„როცა ვცხოვრობ სიუხვეში, მაშინ მე ვარ _________.“
🌱 აირჩიე ერთი მარტივი მოქმედება, რომლითაც დღესვე დაადასტურებ სიუხვის განცდას – გაუღიმე ვინმეს, დაწერე მადლიერების წერილი, იყავი ყურადღებიანი, გაეცი უანგაროდ ან უბრალოდ გაანებივრე საკუთარი თავი.
მნიშვნელოვანია გააკეთო რაღაც მცირე – შეგნებულად.
